მომზადებული ცვლილებების თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში დეკემბრიდან მარტამდე სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავით, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ლანა ცანავამ განაცხადა.
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ განსაკუთრებით საფრთხის შემცველია მაღალმთიან რეგიონებში ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, რომლებიც ზამთრის პერიოდში აღჭურვილი არ არის ზამთრის საბურავებით, ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. აღნიშნული იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს და საგზაო მოძრაობის შეფერხებას“, – განაცხადა ლანა ცანავამ.
ლანა ცანავას თქმით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში.
„ამ ცვლილებების მიხედვით, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე სავალდებულო იქნება, მაღალმთიან რეგიონებში ზამთრის საბურავით გადაადგილება, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, რთული მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას დამატებით შესაძლებელია, დადგინდეს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს სანქციებს. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ევროპის ქვეყნებში ზამთრის პერიოდში ზამთრის საბურავით გადაადგილება სავალდებულოა“, – აღნიშნა ლანა ცანავამ.