იმედს გამოვთქვამ, რომ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით  USAID-ის ადგილობრივი ოფისისგან გამჭვირვალე განმარტებებს მოვისმენთ - პრემიერი

02 ოქტომბერი 2023, 14:26 570 ნახვა

მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო, გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა ის, რაც დღეს USAID-თან დაკავშირებით გახდა ცნობილი.

„სამწუხაროდ დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით და დაფინანსებით იყვნენ ჩამოსული ეს ადამიანები. ეს რა თქმა უნდა სამწუხარო ფაქტია. დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებებს. USAID-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, ამიტომ სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით,  ისინი არ დაუშვებენ არავითარ არეულობას ქვეყანაში.

„საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მზადდება არეულობა ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვაცნობეთ საზოგადოებას ამის თაობაზე და გავუმხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრები, რომლებიც აქვთ ჩვენს დესტრუქციულ, ქვეყნის შიგნით მოქმედ ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, რომლებსაც აქვთ დახმარება საზღვრებს გარეთ. ნახეთ, რომ მათაც აქტიური ჩართულობა აქვთ უცხო ქვეყნებიდან. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეების ჩამოდიან ქვეყანაში, მართავენ აქ ტრენინგებს. ეს ყველაფერი შენიღბულია იმით, თითქოს ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს. ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები თუ როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

ამ ხალხმა ალბათ ვერაფერი ისწავლა ან ანალიზს ვერ აკეთებენ. ფაქტია, უკვე ამდენი წელი გავიდა და ისევ ჩარჩენილები არიან წარსულში. ჰქონიათ, რომ ახლა არის 2003 წელი. ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული, რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობასა და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო დღეს არის ძლიერი და მტკიცედ დგას თავის სიმაღლეზე“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი