საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი საქართველო-ევროკავშირის დინამიკური და ინტენსიური ურთიერთობების კიდევ ერთი ნიშანდობლივი მაგალითია, - ასე შეაფასა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილი ვიზიტი ბრიუსელში.
მისივე განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის წარმომადგენლებთან.
ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრები შედგება სხვადასხვა ევროკომისართან, მათ შორის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან. შეხვედრა ასევე გაიმართება ევროკომისიის გაფართოების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.
„შეხვედრების მთავარ თემას წარმოადგენს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული ინფორმაციის ევროპელი კოლეგებისთვის კიდევ ერთხელ მიწოდება და მათი შეფასებების მოსმენა. გარდა ამისა, ევროკომისრებთან საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის სექტორული ინტეგრაციის კუთხით შემდგომი ნაბიჯების განხორციელებას. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან კი, გარდა 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციისა, საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ ყველა თემას, მათ შორის უსაფრთხოების თემატიკას, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და მის ზეგავლენას ჩვენს ქვეყანაზე, ზოგადად რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. ქართული მხარე ევროპელ კოლეგებს კიდევ ერთხელ მიაწოდებს განახლებულ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.