საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.
„მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაავრცელოს ინფორმაცია №1797 კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით („საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების (სულ 80 დეპუტატი) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე“).
კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მომართეს 2023 წლის 12 სექტემბერს. კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, 14 სექტემბერს, წარდგინება დარეგისტრირდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.
ინფორმაცია №1797 კონსტიტუციური წარდგინების განხილვის თარიღის შესახებ გავრცელდება დამატებით“,- აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.