ჩინეთთან პირველ ეტაპზე, ყოველ დღე ერთი რეისი გვექნება, ეს ნიშნავს რომ კვირაში 7 რეისი შესრულდება. ეს იქნება სამმხრივი ფრენა პეკინი-ურუმჩი-თბილისი. თუმცა, საბოლოოდ ჩვენ გვინდა, რომ პირდაპირ დაკავშირებადობა ჩინეთის აღმოსავლეთის ქალაქებთან გაიზარდოს და ამაზე პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის.
"ჩინელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლია შემოსვლა. ერთი შემოსვლის ვადა 30 - დღიანია, ტურიზმისთვის ეს აბსოლუტურად მისაღები რიცხვია და ასევე, სხვა ყველა საკითხი გათვალისწინებულია. ერთი თვის განმავლობაში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველო შეუძლიათ უვიზოდ მოინახულონ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, აუცილებელია ჩინეთში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მიმართ ცნობადობის გაზრდა.
"უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი. მთავრობის სხდომის დღევანდელი გადაწყვეტილება ამ თანმიმდევრული გეგმის ნაწილია და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს ხანებში უკვე ხელშესახები შედეგები გვექნება. ამასთან, მიმდინარეობს ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისის საკითხზე მუშაობა, თუმცა მეტი ფრენები ვერ შედგება, თუ არ იქნება საქართველოს მეტი ცნობადობა და ჩვენი ქვეყნით დაინტერესება. ამაზე გვქონდა საუბარი ჩინელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, რომ საჭიროა შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, დაფინანსება და განხორციელება, რათა ტურისტული დანიშნულების ქვეყანა - საქართველო ჩინეთში უფრო პოპულარული გახდეს“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გაკეთდა დეტალური ანალიზი, როგორ შეიძლება მომხდარიყო ტურისტული პოტენციალის უკეთესად გამოყენება. მინისტრის განმარტებით, ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი სწორედ სავიზო რეჟიმი იყო. მისივე თქმით, გათვალისწინებული იქნა რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითი, რომელთაც წარმატებით შეძლეს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში.
მისივე განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე პოტენციური მიმართულება სწორედ ტურისტული სექტორია.
"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი, ალბათ ყველასთვის სასურველი ტურისტული ბაზარია. ყოველწლიურად, ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდე შეადგენს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ის მინიმალურია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვანი ნაკადების და ერთ-ერთი ახალი ტურისტული ბაზრის სათანადოდ ათვისების იმედი გვაქვს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.