საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.
პრემიერის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი ინტერესია მეტი ტურისტის ჩამოსვლა და ჩინეთთან ეკონომიკური ინვესტიციების განხორციელება.
"ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან სამ მილიარდ 500 მილიონი დოლარის რაოდენობით პირდაპირი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე. გვინდა, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში.
ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში და ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტის ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. შესაბამის განკარგულებას დღეს გამოვცემ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში. მინდა ვთქვა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ყველაზე სასურველ ტურისტებად ითვლებიან. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ფოტო: არქივი.