საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. მისივე თქმით, განწყობა არის ძალიან ოპტიმისტური. ბორელის საქართველოში ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობით და დატვირთვით გამოირჩეოდა.
მისივე განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში ბორელს გააცნეს ის სამუშაო, რომელიც მმართველი გუნდის მიერ რეკომენდაციების შესასრულებლად არის გაწეული.
"დროის თვალსაზრისითაც, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, რადგან ჩვენმა მოსახლეობამ იცის, რომ ოქტომბერში ველოდებით ევროკომისიის შეფასებას. ვისაუბრეთ ყველა პრიორიტეტზე, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან არის გაწერილი. გავაცანით უზარმაზარი სამუშაო, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მმართველმა გუნდმა, მთავრობამ გაწია, რათა პრიორიტეტები შესრულდეს. არის საკითხები, რომლებზეც ევროკავშირმა და საქართველომ მეტად უნდა დააახლოონ პოზიციები, რათა საბოლოოდ შევჯერდეთ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტის მიმართულებით. ეს ვიზიტი ყველას დაგვეხმარება, რომ ოქტომბერში პოზიტიური შეფასება გვქონდეს და წლის ბოლოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზეც ისაუბრა.
"პრეზიდენტის იმპიჩმენტსა და საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით კავშირს, ამ წუთას ვერ დავინახავდი. აქ საკითხი ეხება კონსტიტუციისადმი დამოკიდებულებას, რადგანაც ყველამ ვიცით, რომ კონსტიტუციაში ცალსახად, გასაგებად და ნათლად არის გაწერილი ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს აკისრიათ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს კონსტიტუცია არის უზენაესი კანონი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.
ჩვენ ფოკუსირებული ვართ პოზიტივზე, 12 რეკომენდაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა და ვართ ოპტიმისტურად, რომ საქართველო მორიგ ნაბიჯს გადადგამს ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.