საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილი პედაგოგების შერჩევის პროცესი ხვალიდან დაიწყება.
„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსგავსად სხვა გამორჩეული პროფესიებისა, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდეს. მასწავლებელს ხაზგასმით, განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების აღზრდაში, ასევე ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი ღვაწლმოსილი, დამსახურებული, გმირი მასწავლებლებისთვის ვიწყებთ სხვადასხვა მხარდამჭერი და დამხმარე, სოციალური, ფინანსური და პრესტიჟის ასამაღლებელი ღონისძიებების მხარდამჭერ მექანიზმებს. პირველი გახლავთ ეს. სიმბოლურად 27 ოქტომბერი შეირჩა, ეს არის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, მასწავლებლის და პედაგოგიკის ფუძემდებლის. სიმბოლურია, რომ ამ დღეს განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სხვადასხვა ნომინაციაში ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები გამოვლინდებიან, რომელთაც გადაეცემათ სპეციალური ფულადი ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით.
ამ ეროვნული დღისთვის, სპეციალურად შექმნილია სამკერდე ნიშანი. სამინისტრო განსაზღვრავს შესაბამის კრიტერიუმებს, კრიტერიუმები იქნება ზოგადი ხასიათის - ყველა მასწავლებელს, ვისაც წვლილი მიუძღვის იმ წელს სწავლის პროცესში განსაკუთრებულ მიდგომაში, სხვადასხვა სწავლის მეთოდის დანერგვაში, ბავშვებთან განსაკუთრებული მიდგომების გამოვლენაში, მშობლებთან ურთიერთობაში, სასკოლო საზოგადოებასა და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შევაგროვებთ სკოლის მასწავლებლების ისტორიებს. ფართო ინკლუზიური კომისიის შემადგენლობაში გარდა სამინისტროს წარმომადგენლებისა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შევლენ. ერთობლივად მოხდება საუკეთესო ისტორიებისა და მასწავლებლების გადარჩევა და, შესაბამისად, მათი დაჯილდოება. ამ პროცესს ხვალიდან დავიწყებთ”, - განაცხადა ამილახვარმა.