ყირიმში, საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებაზე პასუხისმგებლობას უკრაინული მხარე იღებს. ქვეყნის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ოკუპირებულ ყირიმში ნავთობის ბაზა და საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ დონეცკის ოლქის დაბომბვას, რასაც ექვსი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო შენობები.
რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ნიკოლაევისა და ხარკოვის რეგიონები. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალები ამაგრებენ თავდაცვას ყველაზე ცხელ ადგილებში და აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლსა და ბერდიანსკში. გასული დღის განმავლობაში 40-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ გეგმავს, გამოაცხადოს უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელშიც შედის არტილერია, საჰაერო თავდაცვის რაკეტები და სახმელეთო აღჭურვილობა. რუსეთმა, ასევე, ოდესის პორტი, მარცვლეულის საწყობები და მახლობელი რეგიონები დაბომბა.