უკრაინის ქალაქ ლვოვში, რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი, ერთ-ერთი რაკეტა კი მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაშავებულია ცხრა ადამიანი. დაზიანებულია 60-მდე ბინა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ლვოვის რეგიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია და არის კომუნიკაციების პრობლემაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმის რეგიონზეც, სადაც 279 აფეთქება დაფიქსირდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძალების ძირითადი ნაწილის გადასროლას ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებით და ფრონტის ამ სექტორებში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 38 შეტაკება მოხდა.