ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. გასულ დღეს დაიბომბა სუმის საზღვრისპირა დასახლებები, ოლქის მიმართულებით მტერმა იერიში 24-ჯერ მიიტანა. ნიკოპოლზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი.
ასევე გასულ დღეს დაიბომბა დნიპრო, სადაც 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის იყვნენ ბავშვები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
დონეცკის ოლქში თავდასხმებს კი 1 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, თავდაცვის ძალების წარმატებაზე საუბრობს, ოლექსანდრ სირსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის დამცველები ფრონტზე რუსების განადგურებას აგრძელებენ, ისინი ბახმუტის მიმართულებით მოძრაობენ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე კი აღმოსავლეთით დაწყებულ შეტევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფრონტზე პროგრესი შეინიშნება. ტაქტიკურ პროგრესზე საუბრობენ ბრიტანეთის დაზვერვაშიც. დაზვერვის შეფასებით უკრაინული ძალები კონტრშეტევის პირველი ორი კვირის გამოცდილებას იყენებენ.
გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, გერმანია აშშ-თან ერთად უკრაინას გეპარდის ტიპის კიდევ 30 თვითმავალ საზენიტო დანადგარს გადასცემს.