საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გოდერძი აფრასიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.
"ვიცე - პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე კლინიკაში გარდაიცვალა. ის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის გარდაცვალების გამო. თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გოდერძი აფრასიძის ოჯახს და ახლობლებს.
13 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.
დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც ის თბილისში სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.