თბილისში ახალი, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ახალი პროექტი ვაზიანის ყოფილი აეროპორტის ადგილას აშენდება. პრემიერმა ისაუბრა, არსებული აეროპორტის გაფართოების საკითხზეც.
"პირველ რიგში, მინდა, მთავარი საკითხი გამოვიტანო განსახილველად, ეს არის მე ვიტყოდი, ამბიციური გადაწყვეტილება მაგრამ ვფიქრობ, რომ გვაქვს დღეს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანიც, რომ გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა, რამდენიმე თვეა, აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. მინდა, მოკლედ შევაფასო დღეს არსებული აეროპორტი. ალბათ, დამეთანხმებით, რომ არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ უძლებს, შეიძლება ასე ითქვას, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, იმ ამბიციურ მიზნებს, რომლებზეც ახლა მინდა, გესაუბროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ და გვაქვს სურვილი, რომ გრძელვადიან პროექტზე იყოს გათვლა. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ხუთი ან ათი წლის განმავლობაში გათვლილი პროექტი და ამიტომ, აქედან გამომდინარე, მინდა, შემდეგი გადაწყვეტილების თაობაზე მოგახსენეთ.
ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი. ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება, მაგრამ არსებობს ამის თაობაზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტები ისაუბრებენ, ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსებიც, შეზღუდვებიც და ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას. მით უმეტეს, თუ გვინდა, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა, ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი, ვიმსჯელეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა ოცი, ორმაცდათწლიანი და თუნდაც ასწლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ და ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ სათანადო, ინფრასტრუქტურად გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ლოკაცია, ასეთი ადგილი თბილისში არის და შეიძლება ითქვას, იდეალურია ამ მიზნით, არის ვაზიანის აეროდრომი, ყოფილი აეროდრომი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე თვეა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
"ჩემი დავალებით რამდენიმე თვეა, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ კუთხით. ჩვენი სურვილია, ამ პროექტის შესწავლისთვის ჩამოვიყვანოთ საუკეთესო პროექტანტები, მშენებლები, არქიტექტორები. ჯერ კარგად უნდა შევისწავლოთ ეს ადგილი და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია, თანამედროვე საერთაშორისო კლასის აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება, გახდეს ჰაბი. ეს უნდა იყოს ტრანზიტულ-ლოჯისტიკური და თანამედროვე მგზავრზე გათვლილი საერთაშორისო კლასის აეროპორტი. ასევე, ჩვენ საუბარი გვქონდა „კარგო ტერმინალების“ მშენებლობაზე ა.შ. ამის თაობაზე დეტალურად გვექნება განხილვა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან ამბიციური, მაგრამ საჭირო პროექტი ქვეყნისთვის. თორემ, რა თქმა უნდა, არსებული აეროპორტი რაც გვაქვს, ის დღევანდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ თუ გვინდა, დავიგეგმოთ და გრძელვადიან პროექტზე გვქონდეს გათვლა, საჭირო არის ახალი, ამბიციური პროექტის განხორციელება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ქვეყანაში მგზავრთნაკადის თითქმის 30%-იანი მატება გვაქვს ყოველ წელს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. ასევე საქართველოს აეროპორტებიდან ხორციელდება პირდაპირი ფრენები მსოფლიოს 58 ქალაქში და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გვაქვს მსოფლიოს 31 ქვეყანასთან. ამიტომ, ჩვენ ახლა დავიწყებთ შესწავლას, ჩამოვიყვანთ მსოფლიოში წამყვან საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიებს, ჩავრთავთ მათ, ჩავატარებთ ძალიან დეტალურ კვლევას და ამის შემდეგ უკვე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თბილისს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.