თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დაიწყო. თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგება. ახალწვეულები ფიცს მთელ საქართველოში, წელს პირველად, ერთდროულად 10 რეგიონსა და თბილისში დადებენ.
რუსთაველის გამზირზე მოწყობილია ღვინის სივრცე, სადაც გაიმართება სომელიეს მასტერკლასი, სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ქვევრის ღვინის მახასიათებლების გაცნობა.
ქართული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით წარმოდგენილია პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის ინტერაქტიური ინსტალაცია, ავიაციის კოსტიუმების გამოფენა, წარმოდგენილია რეალური თვითმფრინავი, სადაც მისულ სტუმრებს შესვლა და ფოტოების გადაღება შეუძლიათ.
საქართველოს მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები 15 ქალაქში იმართება. 26 მაისის ღონისძიებებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი დაასრულებს.
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად ესწრება.
ადგილზე ასევე იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები.