სტამბოლში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე თურქეთის პრეზიდენტმა ოპოზიციურ ალიანსს „ლბგტ"-ს მხარდამჭერი უწოდა და ისინი ტერორისტების მხარეზე გადასვლაში დაადანაშაულა.
ერდოღანი თავისი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ იბრძვის იმისთვის, რომ მისი ყველაზე რთული პოლიტიკური გამოცდა ჩააბაროს და დაიცვას თავისი მემკვიდრეობა გამხნევებული ოპოზიციისგან.
ერდოღანს 14 მაისის არჩევნების წინ მძიმე პოლიტიკური წინააღმდეგობები შეექმნა: იგი უკვე დაადანაშაულეს ეკონომიკურ კრიზისში და თებერვლის გამანადგურებელ მიწისძვრაზე დაგვიანებულ რეაგირებაში, ასევე სამშენებლო რეგულაციების არასათანადოდ გაკონტროლებაში, რასაც შესაძლოა ათობით ათასობით სიცოცხლე გადაერჩინა. ქალაქ ერზრუმში მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა სტამბოლის ოპოზიციონერ მერს ქვები ესროლეს.
ეკრემ იმამოღლუ თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ამ ქალაქში მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის საარჩევნო მიტინგზე ჩავიდა. მის საარჩევნო ავტობუსს ასამდე შეკრებილმა ქვებისა და სხვა უხეში საგნების სროლა დაუწყეს. დაძაბულობის გამო ოპოზიციის წინასაარჩევნო მიტინგი დაგეგმილზე ადრე დასრულდა. სტამბოლის მერი დაცვის წევრებმა სიტუაციას განარიდეს და ავტობუსში აიყვანეს. სპეცრაზმმა კი წყლის ჭავლი გამოიყენა მომიტინგეთა დასაშლელად.
იმამოღლუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ინციდენტის დროს დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. 2019 წელს სტამბოლის მერად არჩეული იმამოღლუ ვიცე-პრეზიდენტობისთის იბრძვის, თუ ოპოზიციური ალიანსი 14 მაისის არჩევნებში გაიმარჯვებს.