უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 54 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშშია აღნიშნული.
გენერალური შტაბის ცნობით, ბახმუტისა და მარინკასათვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. რუსული ძალები ცდილობენ წინსვლას ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით.
"ბახმუტის მიმართულება ყველაზე რთულ მონაკვეთად რჩება. ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ასევე, მტერი წარუმატებლად ცდილობს წინსვლას ორეხოვო-ვასილოვკასა და ივანოვსკოეს დასახლებების მიმართულებებით“, - აცხადებენ გენშტაბში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაღუპულია ერთი და დაშავებულია, სულ მცირე, 23 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკოლაევში საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ეს-300“-დან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ოთხი რაკეტა ადგილობრივი დროით ღამის პირველი საათისთვის ჩამოვარდა. ერთი რაკეტა მაღალსართულიან შენობას მოხვდა, მეორემ კი კერძო სახლი გაანადგურა.
რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქი 65-ჯერ დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად ერთი ჟურნალისტი დაიღუპა.