სუდანში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ არმიასა და გასამხედროებულ ძალებს შორის შეტაკებები არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ისინი მზად არიან ურთიერთდათმობაზე.
ფოლკერ პერტესმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან ვიდეოკავშირით საუბრისას აღნიშნა, რომ სუდანში მებრძოლი მხარეები ირწმუნებოდნენ, რომ ორშაბათს შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დედაქალაქში ძალადობა არ წყდება.
გაეროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ორ გენერალს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლამ შეაფერხა ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლა და უფრო მასშტაბური კონფლიქტის საფრთხე შექმნა. პერტესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცდილობს მხარეებთან შუამავლობის გზით დღეში 3-საათიან ჰუმანიტარულ პაუზას მიაღწიოს, რათა მშვიდობიან მოსახლეობას გადაუდებელი დახმარება გაუწიონ.
გაეროს წარმომადგენელმა სუდანში არსებულ სიტუაციას უკიდურესად დაძაბული და საშიში უწოდა.