ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში დადის, მათხოვრობს, სხვებს აშანტაჟებს, ფულს ითხოვს, ეს უნდა შეწყდეს - რობერტ ფიცო

12 იანვარი 2025, 10:48 141 ნახვა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში „მათხოვრობს“ და „სხვებს აშანტაჟებს“.

„ევროპაში დადის, უბრალოდ მათხოვრობს და სხვებს აშანტაჟებს, ფულს ითხოვს. ეს უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

რობერტ ფიცოს თქმით, რუსეთი ყოველთვის იყო სანდო პარტნიორი, როდესაც საქმე ენერგიის მიწოდებას ეხებოდა.

საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სლოვაკეთის მთავრობის ოპოზიციის მოთხოვნით ჩატარდა, რობერტ ფიცოსგან მოითხოვდნენ განმარტებებს, მოსკოვში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ, ასევე ინფორმაციას უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით სლოვაკეთის შემდგომი ნაბიჯების თაობაზე.

სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინიდან სლოვაკეთის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის საკითხზე არსებობდა ორი ვარიანტი, რომლებიც თითქოსდა შეთანხმებული იყო პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან. მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი უნდა ყოფილიყო შეთანხმება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა აზერბაიჯანული გაზი მიეწოდებინათ სლოვაკეთისთვის.

თუმცა, ფიცოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს შეთანხმება ჩაშალა. მეორე ვარიანტი იყო შეექმნათ SPP-ის შვილობილი კომპანია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, რათა სლოვაკური გაზი უკრაინის გავლით ტრანსპორტირებულიყო სლოვაკეთში.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში