ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ტიკ-ტოკი საფრთხეს უქმნის მის ეროვნულ უსაფრთხოებას - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკ-ტოკმა, რომელიც ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის ბაით-დენსის მფლობელობაშია, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ტიკ-ტოკის ჩინელი მფლობელებისგან პოპულარულ ვიდეო აპლიკაციაში მათი წილების დატოვება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ შესაძლო აკრძალვით დაიმუქრა.
ბაიდენის ადმინისტრაციასა და კონგრესში შიშობენ, რომ ტიკ-ტოკის ამერიკელი მომხმარებლების მონაცემები შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ჩინეთის მთავრობისთვის. ბაით-დენსის საკუთრებაში არსებულ ტიკ-ტოკს აშშ-ში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტიკ-ტოკს შესაძლო აკრძალვა დაემუქრა.
ბაიდენის წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა ტიკ-ტოკის აკრძალვა 2020 წელს სცადა, თუმცა იგი აშშ-ს სასამართლოებმა დაბლოკეს.