ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება პარლამენტის წინ - შალვა პაპუაშვილი

14 მარტი 2023, 15:10 652 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "კონსერვატიული მოძრაობის" წევრების მიერ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვის ფაქტს გამოეხმაურა. 

მისივე განცხადებით, ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა, იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით შესაბამისად დაისჯება.

"გამოვეხმაურები პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის შებღალვის ფაქტს. იცით, რომ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა დასჯადი გახადა როგორც ევროკავშირის, ისე სხვა ქვეყნების დროშების შებღალვა, რომლებიც აღმართულია ადმინისტრაციული შენობის წინ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იყო კიდეც განცხადება, რომ ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა, იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით შესაბამისად დასჯილი.

სამწუხაროა, რასაც ვხედავთ. რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქცევა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. შესაბამისად, იცით, დაზიანებულია თვითონ ფლაგშტოკიც, აღდგება და დროშაც სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას.

რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, ეს არასერიოზული მიდგომაა და მათ გამოვეხმაურები – როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე, თუკი ევროპაზე სუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. დროშა დაბრუნდება თავის ადგილზე.

როდესაც პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, როდესაც ჯებირები კი არა, პარლამენტის შენობის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო, მაშინ ევროპით გულანთებულ ხალხს რომ ეთქვა ამაზე, იქნებოდა კარგი. რაც შეეხება ამ შემთხვევას, სათანადო რეაგირება იყო, შესაბამისი პირები, იქნებიან პასუხისგებაში მიცემული ადმინისტრაციული წესით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცოტა ხნის წინ, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტთან, საპროტესტო აქციის დროს, ევროკავშირის დროშა დაწვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი