საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მომიტინგეები და პოლიცია ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც 15 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე სარკინიგზო კატასტროფის გამო, რომლის შედეგადაც 57 ადამიანი დაიღუპა.
ნიღბიანმა მომიტინგეებმა მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს პოლიციას, რომელმაც ცრემლსადენი გაზი გამოიყენა აქციის დასაშლელად.
მომიტინგეებმა მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს და საბერძნეთის ეროვნული ბანკის ფილიალის შენობას წითელი საღებავი შეასხეს. ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე საპროტესტო აქციებს მართავს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისინი აღშფოთებული არიან 28 თებერვლის სარკინიგზო ავარიისა და საბერძნეთის მოძველებული და მოშლილი სარკინიგზო ქსელის გამო.
პოლიციის შეფასებით 60 ათასზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის ტრანსპორტის მუშაკებმა, სტუდენტებმა და მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს ოთხშაბათს საბერძნეთის ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში.