არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია საკუთარი თავი. გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომ ნეიტრალური და დაბალანსებული პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
პრეზიდენტის განმარტებით, ეს პოზიცია გაუგებარია იმ ქვეყნისგან, რომელმაც არაერთხელ გაიარა იგივე განსაცდელი, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე.
"საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია. ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი. გუშინ ჩვენთან ლევან სონღულაშვილმა უკრაინის ტრაგედიისთვის მიძღვნილი ნახატის დასათვალიერებლად მოიწვია ახალგაზრდები. დღეს ჩვენთან ერთად დიპლომატიური კორპუსი ეზიარება სიმბოლიკას ჩვენი ორი სახელმწიფოს ერთობისა და სიახლოვისა, რაც ამ დროშებით გამოიხატება. საღამოს ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები ამ ტრაგედიის მიმართ საკუთარ ხედვას და განწყობას გაგვიზიარებენ.
თბილისი კი, თავის მხრივ, მსოფლიოს გაახსენებს, რომ საქართველო დგას, სადაც საუკუნეების მანძილზე იდგა და რაღაც საკუთარი ინტერესების ძახილმა არ დაგვავიწყებინა მთავარი, საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება. ამ საზოგადოების სახელით, პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ერთი წლის მანძილზე, ყველა შესაძლო ადგილას და ფორმატში გამოვხატე უკრაინის მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, წუხს, რომ კიევში საქართველო მხოლოდ ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი.
„მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისთვის მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ, პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად, მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან. ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს არ გააჩნია დახმარების ისეთი საშუალებები, როგორც ბევრად ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის საზღვრები და ნატო-ს წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებს. თუ ჩვენი სოლიდარობა ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცედ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან 1 წელი გავიდა.