რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვალს, დილის 4 საათზე უკრაინაში აფეთქებების ხმა გაისმა. რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს კიევსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებზე. პარალელურად, შეტევა დაიწყეს საოკუპაციო ძალის სახმელეთო შენაერთებმა.
რამდენიმე კვირაში რუსულმა ჯარმა, ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ჩათვლით ქვეყნის 28%-ის გაკონტროლება შეძლეს, რასაც მოყვა ვლადიმერ პუტინის მხრიდან, ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციაში მიღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა.
გაეროს ოფიციალური მონაცემებით, ინტერვენციის დაწყებიდან ამ დრომდე მოკლულია 7000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავდა 12 000-მდე ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. საკუთარი ქვეყნის დატოვება კი 8 მილიონ უკრაინელს მოუწია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.