ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

22 თებერვალი 2023, 13:17 641 ნახვა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, მოლდოვაში გამართულ სესიაზე, „საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე“ რეზოლუცია მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ასამბლეა მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი.

ევრონესტის საპარლამენტო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

"დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ახალი რეალობაა. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო ასამბლეამ მკაფიოდ უნდა დაუჭიროს მხარი ამ პროცესს და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის პროექტის წარდგენისას.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის მიმართულებით შეაქვთ და ხაზს უსვამს სამივე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ბიძგი მისცენ ევროკავშირის გაფართოების პროცესს და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა 2023 წლის 19-21 თებერვალს კიშინიოვში გაიმართა, რომელშიც ევროპარლამენტის წევრებთან ერთად აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.

საქართველოს პარლამენტიდან ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდნენ, დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, დეპუტატები – მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი