ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენი სურვილია, პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია - რატი ბრეგაძე

20 თებერვალი 2023, 10:09 615 ნახვა

თუკი ვინმეს აქვს კითხვა მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ისე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვაწვდით მათ ინფორმაციას, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

"ყველამ იცის, მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, რომ ის იმყოფება კერძო კლინიკაში. სჭირდება მკურნალობა? – სახელმწიფო მას ამის შესაძლებლობას აძლევს, ის იმყოფება საავადმყოფოში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა.

„მაგრამ რა არის მთავარი პრობლემა – ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია. მას უნდა, რომ იყოს რაც შეიძლება ცუდად, რათა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად დაზიანებით შეძლოს და დატოვოს პენიტენციური დაწესებულება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ციხის ტერიტორიაზე არ არსებობდა სახელმწიფო, ეს იყო მავთულხლართებით შემოფარგლული ტერიტორია, სადაც აბრაზე იყო წარწერა, რომ აქ აღარ არსებობს სამართალი.

"დროა, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი. მწამებლები იყვნენ თვითონ – ეს არის ფაქტებით დადასტურებული და როგორც სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი, ისე უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურადაც.

მინდა, მათ შევახსენო, რომ მათი პოლიტიკური დანაშაულის ხანდაზმულობა ჯერჯერობით არ გასულა და შესაბამისად, ნუ დაავიწყდებათ ის, რომ მათ ამ ყველაფრისთვის სათანადო წესით უნდა აგონ პასუხი. და რა იგულისხმება ამაში? – ჩახედონ სარკეში საკუთარ თვალებს. ასევე, შეხედონ ადამიანებს და მოუხადონ მათ ბოდიში. ნაცვლად ამისა, დღემდე ცდილობენ საზოგადოების რაც შეიძლება უფრო მეტად დამუნათებას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ რასაც თვითონ „წარმატებით“ აკეთებდნენ, სხვას დააბრალონ. ეს არის გამორიცხული. შესაბამისად, დრო არის, რომ თავიანთი პასუხისმგებლობა გაიაზრონ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდგომ მათთან მიმართებით პოლიტიკურ ვერდიქტს ქართველი ხალხი მიიღებს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი