ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. ჰურონის ტბასთან, კანადის საზღვართან ახლოს, ობიექტის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა.
პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტს შეეძლო, ხელი შეეშალა კომერციულ საჰაერო მიმოსვლაში, რადგან ის მოძრაობდა 6 100 მეტრის სიმაღლეზე.
ობიექტი, რომელიც სამხედრო საფრთხედ არ იყო მიჩნეული, თავდაცვის წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო და რვაკუთხა ფორმის.
მფრინავი ობიექტი „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებლიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. აშშ და კანადა კვლავ მუშაობენ ჩამოგდებული ობიექტების ნარჩენების აღმოსაჩენად. აშშ-ში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა აღნიშნული ობიექტები სავარაუდო ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთებია.