2022 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, 4 ათას 306-მა ადამიანმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, მათგან მხოლოდ 40-მა თავად რუსეთში, დანარჩენებმა კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებია.
2020 წელს რუსეთის მოქალაქეობაზე 3 ათას 877-მა ადამიანმა თქვა უარი, 2021 წელს - 4 ათას 55-მა. 2023 წლის იანვრის ბოლოს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა მხოლოდ 40-მა ადამიანმა.
სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რამდენი ასეთი განცხადება შევიდა ერთი წლის წინ. რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ უარი თქვან მოქალაქეობაზე, თუ მათ არ აქვთ შეუსრულებელი ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე - იგულისხმება გადაუხდელი გადასახადები, სამხედრო მოვალეობის შესრულებისგან თავის არიდება და სისხლის სამართლის საქმეები.
2022 წელს ცნობილმა რუსმა ბიზნესმენებმა ოლეგ ტინკოვმა, იური მილნერმა, ნიკოლაი სტორონსკიმ და რუბენ ვარდანიანმა უარი თქვეს რუსეთის მოქალაქეობაზე.