თურქეთის ისკენდერუნის საერთაშორისო პორტში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

07 თებერვალი 2023, 14:40 646 ნახვა

თურქეთის ჰატაის პროვინციაში მდებარე   ისკენდერუნის საერთაშორისო პორტში  7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ გაჩენილ ხანძარს  ამ დრომდე  ვერ აქრობენ.  იწვის  პორტში დასაწყობებული კონტეინერები. თურქეთის ეს პორტი დაკავშირებულია მსოფლიოს მრავალ პორტთან, როგორც პირდაპირ, ისე ირიბად.

მდებარეობს ქვეყნის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და ერთ-ერთი უდიდესი საკონტეინერო პორტია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი  მიწისძვრის შედეგად კონტეინერების ვარდნამ გამოიწვია.

თურქული მედიის თანახმად, ხანძრის ჩაქრობაში თურქეთის სანაპირო დაცვის გემებია ჩართული. თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის გამო ერაყის ქურთისტანის რეგიონიდან  ნავთობის ექსპორტი შეფერხებულია.  რაც შეეხება ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენს, თურქეთის ხელისუფლებამ  ნედლი ნავთობის ექსპორტის  განახლების გადაწყვეტილება მიიღო. 

სახელმწიფო მილსადენის ოპერატორმა კომპანია ბოტასმა ორშაბათს დილით რეგიონში პირველი ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ  ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი დროებით შეაჩერა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში