მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთსა და სირიაში მთელი მსოფლიოდან სამძიმრის წერილები და დახმარება იგზავნება. ევროკავშირმა მაშველთა გუნდი უკვე გაგზავნა თურქეთში - აცხადებს კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი იანეზ ლენარჩიჩი. მისი თქმით, მაშველთა ჯგუფები ნიდერლანდებიდან და რუმინეთიდან უკვე გზაში არიან.
ბულგარეთმა ორი თვითმფრინავით თურქეთში მაშველთა და მედიკოსების ჯგუფები, ასევე სპეციალური ტექნიკის 20 ერთეული გაგზავნა. მედიკოსთა და მაშველთა ბრიგადებს აგზავნის თურქეთში ისრაელი და რუსეთიც.
უკრაინის პრეზიდენტმა თურქეთის ხელისუფლებასა და მოსახლეობას სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ კიევი მზადაა საჭირო დახმარება გაუწიოს მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთს. ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატოს მოკავშირეები დახმარების მობილიზებას ახდენენ. ანკარას დახმარებას სთავაზობს აშშ-ი. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაუკავშირდა თურქეთის ოფიციალურ პირებს და მზადყოფნა გამოთქვა, ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს თურქეთის ხელისუფლებას.
თურქეთში გაემგზავრნენ მაშველები გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ინდოეთიდან. სტიქიური უბედურების რეგიონში დახმარებას აგზავნის ინდოეთიც. სპეციალური ტექნიკა და მაშველები გაგზავნეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა.
ტაივანმა თურქეთს დახმარების სახით 200 ათასი ამერიკული დოლარი გადაურიცხა.