სამშენებლო კომპანიის მიერ დაზარალებული მოქალაქეები ბათუმის მერიასთან აქციას მართავენ

31 იანვარი 2023, 13:32 731 ნახვა

ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამშენებლო კომპანია “დიასი”-ს მიერ დაზარალებული მოქალაქეები მერთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი კომპანიის ხელმძღვანელს, უკვე წლებია, თაღლითობაში ადანაშაულებენ და ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაში დახმარებას თვითმმართველობას თხოვენ.

მათი თქმით, ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ბინები ათი წლის წინ შეიძინეს, თუმცა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. უფრო მეტიც, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ერთ ბინას ერთდროულად რამდენიმე მეპატრონე ჰყავს.

ისინი მერს, კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას ან ახალი ინვესტორის მოძიებაში დახმარებას სთხოვენ.

მათი განცხადებით, საქმით დაინტერესებას არჩილ ჩიქოვანი გასულ წელს დაჰპირდა, თუმცა როგორც ამბობენ პრობლემით არავინ დაინტერესებულა. აქციის მონაწილეები მერთან შეხვედრამდე დაშლას არ აპირებენ.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები ქუჩის გადაკეტვას აპირებდნენ, სამართალდამცველებმა ისინი გააფრთხილეს, რომ ეს კანონდარღვევა იქნებოდა.

მათივე განცხადებით, ინვესტორი წლებია უცხოეთში იმყოფება და მათთან კონტაქტზე არ გამოდის. მშენებლობის დასასრულებლად და ახალი ინვესტორის მოსაძიებად კი დამატებით თანხებს ითხოვს.

ბათუმის მერია აქციის მონაწილეებს ვიცე-მერთან შეხვედრას სთავაზობენ. აქციის მონაწილეების გადაწყვეტილებით რამდენიმე პირი ვიცე-მერს შეხვდება და მათ მოთხოვნას გააცნობენ.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი