უკრაინაში ომის 340-ე დღეა. მტერი აგრძელებს კრიტიკული ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ოკუპანტებმა 1 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელეს - უმეტესობა დონეცკისა და ხერსონის რეგიონების მიმართულებით. არიან დაშავებულები და დაღუპულები.
გარდა ამისა, რჩება საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბახმუტის მიმართულებით ხანძრის შედეგად დაზიანდა 21 დასახლებული პუნქტი.
უკრაინულმა მხარემ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 16 თავდასხმა მოიგერია. ასევე იერიში მიიტანეს მტრის 2 საკონტროლო პუნქტზე და საჰაერო თავდაცვის კონცენტრაციის 2 ზონაზე.
ლუგანსკის ოლქში, კი ე.წ „ვაგნერის“ სამხედრო ნაწილის ჯარისკაცების მკურნალობაზე, ადგილობრივმა ექიმებმა უარი თქვეს, რადგან უმრავლესობას ისეთი დაავადებები აქვთ, როგორებიცაა აივ ინფექცია, ტუბერკულოზი და ა.შ.
რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას,- უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელ თანამშრომლებს, რომლებმაც კონტრაქტები გააფორმეს „როსატომთან“ სადგურის ტერიტორიაზე არ უშვებენ. უკრაინის პრეზიდენტი კი მოკავშირეებს, იარაღით დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.