სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა მძიმე ნევროლოგიური პრობლემები, მისი მდგომარეობა მძიმეა - ნევროლოგი ოთარ თოიძე

20 იანვარი 2023, 13:09 578 ნახვა

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზაში მონაწილე ნევროლოგი ოთარ თოიძე იკითხება.

მისივე თქმით, სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნის დროს განუვითარდა მძიმე ნევროლოგიური პრობლემები, დაუზუსტებელი დემენცია, მენტალური პრობლემები, კახექსია ანუ წონაში კლება, რომლებიც მისივე განმარტებით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველია

ოთარ თოიძის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სათანადო მკურნალობას საჭიროებს.

„ დიაგნოზები მრავლად არის. ალბათ, პროცესის შემდეგ მოგახსენებთ. ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანი წვლილი იქნება შეტანილი ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საქმეში. ძირითადი დიაგნოზი არის ტრავმული რეგენერაციული ცვლილებები, რომელსაც მისი ცენტრალური ნერვული სისტემა განიცდის. წარმოშობის მიზეზად ვასახელებთ შიმშილობას და შემდგომ მკურნალობის არათანმიმდევრულ პროცესს...

რაც შეეხება თალიუმის, ტყვიის და ვერცხლისწყლის დონეს სააკაშვილის ორგანიზმში, ინტოქსიკაციის დონის განსაზღვრისთვის საჭიროა სისხლში, შარდში, თმაზე ან ქსოვილზე რამდენიმე კვლევის ჩატარება. ეს დონეები სისხლში არარელევანტურია. მძიმე მეტალებს აქვთ თვისება, ილექებიან ქსოვილებში. გამოძევება წლების განმავლობაში, თანდათანობით ხდება“, – განაცხადა თოიძემ.

ისივე განმარტებით, შესაძლოა სააკაშვილმა მარჯვენა თვალში მხედველობაც დაკარგოს.

„სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსების პირველი სამი თვის განმავლობაში, იგი ოფთალმოლოგს, თვალის ექიმს, ორჯერ ჰყავს ნანახი და დასკვნა არის, რომ ჯანმრთელია. „ვივამედის“ კლინიკაში, მეორე გამოკვლევიდან ჩნდება ე.წ. თვალის ფსკერზე ბადურის დეგენერაციული ცვლილებები, მაკულოპათია, რაც დაემთხვა მხედველობის გაუარესებას მარჯვენა თვალში. მაკულოპათია ეს არის დეგენერაციული დაავადება, რომელიც განაგრძობს პროგრესირებას. უმძიმეს შემთხვევაში იგი ცალი თვალით მხედველობას დაკარგავს, თუ არ გავრცელდა მეორე მხარესაც. უკანასკნელი პერიოდის ოფთალმოლოგიური დასკვნები ჩვენ არ გვაქვს, ბოლო დასკვნა თუ არ ვცდები ოქტომბერშია“, - განაცხადა თოიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი