სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი, კრიტიკულად მძიმე - საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორი

20 იანვარი 2023, 11:30 596 ნახვა

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის, ექიმ მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში სროლის შედეგად დაჭრილი ოთხი ავადმყოფიდან, სამის მდგომარეობა სტაბილური, ერთის კი კრიტიკულად მძიმეა.

მისივე თქმით, ერთი პაციენტის კლინიკიდან გაწერა იგეგმება, მძიმე პაციენტი კი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

„კლინიკაში ოთხი ავადმყოფი რჩება, აქედან სამის მდგომარეობა სტაბილური, ერთის კი, კრიტიკულად მძიმეა. ის ოპერაციის შემდგომ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს. ერთი პაციენტი მსუბუქი დაზიანებებით არის, ჩაუტარდა ჭრილობების ქირურგიული დამუშავება და იგეგმება კლინიკიდან გაწერა.

რაც შეეხება კრიტიკულად მძიმე პაციენტს, რომელიც 21 წლისაა, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუს და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში. დაზიანებულია არტერია და ვენა, რომლის აღდგენაც გაკეთდა. ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში“, – განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.

რაც შეეხება „კავკასიის მედიცინის ცენტრში" მოთავსებულ პაციენტს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„დაახლოებით 04:00 საათზე საგარეჯოს რაიონის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს ახალგაზრდა ქალბატონი მარცხენა თვალის უცხო სხეულის ნაფლეთი ჭრილობით და ის მზადდება საოპერაციოდ. მალე დაიწყება ოპერაცია. პაციენტის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ოთარ დიხამინჯიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი