მაჩალიკაშვილის საქმეზე, მთავარ კითხვას ევროპულმა სასამართლომ გასცა პასუხი, რომ სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა - ბექა ძამაშვილი

19 იანვარი 2023, 17:21 680 ნახვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავს.

მისივე განცხადებით, მთლიანობაში, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურამ ჩაატარა ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხა ყველა შესაბამისი პირი, ვისი გამოკითხვაც შეიძლებოდა.

„ამ ნაწილში დადებითადაა შეფასებული, თუმცა, დადგენილია გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით, გამოძიების საწყის ეტაპზე, მაგალითად: ევროპული სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გამოძიების ადგილის მთლიანობის საკითხზე და ამბობს, რომ, როდესაც სპეცოპერაციის დროს მაჩალიკაშვილი დაიჭრა, მაშინ აუცილებელი გახდა მისთვის პირველადი დახმარების ადგილზე აღმოჩენა და ამის გამო, რა თქმა უნდა, საჭირო შეიქნა ოთახში არსებული ცალკეული ნივთების, მათ შორის, ხელყუმბარის, ადგილის შეცვლა.

 

აქვე ევროპული სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციებში პირის გადარჩენის ინტერესი, პირველადი დახმარების აღმოჩენის ინტერესი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გამოძიების ადგილის მთლიანობის შენარჩუნება. ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ, მთლიანობაში, ყველა პირი გამოიკითხა, ვინც უნდა გამოკითხულიყო, თუმცა თვითონ სპეცრაზმელები რამდენიმე კვირის შემდეგ გამოიკითხნენ, რადგან მათი ვინაობა არ იყო საჯარო და ცალკეული პროცედურები მიმდინარეობდა. ამ ცალკეული ხარვეზების გამო, რაც მან გამოძიების საწყის ეტაპზე დაინახა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იყო პროცედურული დარღვევა და ამ დარღვევისთვის სახელმწიფოს მოუწევს მატერიალური კომპენსაციის გადახდა მომჩივნებისთვის“, – განცხადა ბექა ძამაშვილმა.

მისივე განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა ევროპული კონვენციის დარღვევა. კერძოდ, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს სპეცოპერაციის დროს იარაღის ძალის გამოყენებას, არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. 

„მთავარი, რაზეც ევროპულ სასამართლოს უნდა გაეკეთებინა შეფასება, რამდენად ჩატარდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში 2017 წლის დეკემბერში სოფელ დუისში კონტრტერორისტული ოპერაცია. ამ ნაწილში ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა ევროპული კონვენციის დარღვევა. კერძოდ, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს სპეცოპერაციის დროს იარაღის ძალის გამოყენებას, არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. რაც შეეხება სპეცოპერაციის ჩატარების ფაქტს, ამ ნაწილშიც ხარვეზები ვერ დაინახა ევროპულმა სასამართლომ. მისი შეფასებით, ის ოფიციალური ვერსია, რომელიც გამოძიებამ დაადგინა, კერძოდ, ვერსია, რომ გასროლა განხორციელდა დაკავების ოპერაციის დროს, რადგან სპეცრაზმელმა აუცილებლად ჩათვალა ხელყუმბარის განეიტრალება, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არის სარწმუნო, და საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა მტკიცებულება, რომელიც საპირისპირო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. ამით, ფაქტობრივად, გამოირიცხა ის ვერსიაც, რომელიც საწყის ეტაპზე გახმიანდა, თითქოსდა ხელყუმბარა საქმეში „ჩადებულია“. ეს ვერსია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოირიცხა და არსებით ნაწილში მთავარ კითხვას გაეცა პასუხი, რომ სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი