უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„აღუწერელი ტკივილია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიას დაეცა. დავავალე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით, გაარკვიონ მომხდარის ყველა გარემოება. ტრაგედიის ადგილას ყველა სამსახური მუშაობს. ჩემი სამძიმარი გარდაცვლილთა ყველა ნათესავსა და ახლობელს! დენის, ევგენი, იური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი… უკრაინის ნამდვილი პატრიოტები, ნათელი ხსოვნა მათ! ნათელი ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო ამ შავმა დილამ!“ – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.