უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
"თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, მათ შორის: ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას დასახლებასთან, დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, სპორნოეს, კრასნოპოლოვკას, სოლის, სოლედარის, ბელოგოროვკას, ბახმუტის, სევერნოიე, კამენკას, ვოდიანოეს, ნეველსკოეს, მარინკასა და პობედა დასახლებებთან“, - აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დანაყოფის ინფორმაციით, ბრძოლა სოლედარისთვის ამ დრომდე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მტკიცებით, ქალაქი მის კონტროლს ექვემდებარება.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ბელარუსში ამჟამად 11 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება. ამასთან, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მათი როტაცია, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს კი მათი რაოდენობის ზრდა არ შეინიშნება.