კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პირველად, სამწლიანი პაუზის შემდეგ ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ კონგთან საზღვაო და სახმელეთო გზები გახსნა და ქვეყანაში შემსვლელი ადამიანებისთვის სავალდებულო კარანტინის გავლაც გააუქმა. 8 იანვრიდან ჩინეთმა საკუთარი მოქალაქეებისთვის პასპორტებისა და სამგზავრო ვიზების გაცემაც განაახლა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კოვიდშეზღუდვა ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში არაერთხელ გამოცხადდა ლოკდაუნი, მოქალაქეებს ასევე მოეთხოვებოდათ, ხშირი ტესტირება და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში კარანტინი შესაბამის დაწესებულებაში.
შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე.