პარლამენტმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავა 12 რეკომენდაციაზე, 2022 წელს მიღებული კანონების 30 პროცენტი იყო კანონები, რომლებიც სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულებას ემსახურებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
„იცით, რომ არის ორი საკითხი, რომლებიც ახლა არის ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის – სასამრთლო რეფორმის პაკეტი და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომლებზე პასუხსაც ჩვენ ველოდებით მარტში და როგორც კი გვექნება შეფასება ვენეციის კომისიისგან, პარლამენტი განაახლებს ამ პროექტებზე მუშაობას. რაც შეეხება სახალხო დამცველისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევას, ეს არის სწორედ ის საკითხები, რომლებზეც ვამბობდით, რომ უმრავლესობაზე არ არის დამოკიდებული. აქ მნიშვნელოვანია ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში ვიხილეთ, რომ ოპოზიციამ აირჩია ულტიმატუმის გზა.
პროცესის დაწყებამდე, სანამ კონკურსი გამოცხადდებოდა, გასაუბრებები ჩატარდებოდა, დაასახელეს მათდამი ლოიალური კანდიდატები და წამოაყენეს ულტიმატუმი, რომ ან ამ კანდიდატების არჩევა უნდა მოხდეს, ან სხვისი არავის, რაც არც საპარლამენტო პროცესის შესაბამისია, არც დემოკრატიული პროცესის, როდესაც უმცირესობა ულტიმატუმით აიძულებს უმრავლესობას, მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება. ეს არის ანტიდემოკრატიული მიდგომა, რაც ჩვენ ვნახეთ ომბუდსმენთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით ულტიმატუმების წამოყენება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გაუკვირდა, რომ ბევრი ადამიანი ოპოზიციიდან თუ ე.წ. ელიტიდან არ გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს.
"მართლა გამიკვირდა, რომ ბევრი, ოპოზიციიდან იქნებოდა თუ სხვა ე.წ. ელიტა, საერთოდ არც კი გამოეხმაურა ამ საკითხს. ეს არ არის მხოლოდ ისტორიის ან რელიგიის საკითხი, ეს არის, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის საკითხი, რადგან ქართულ ეკლესიას კონსტიტუციითაც კი აღიარებული აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ისტორიაში, ასევე ჩვენს თანამედროვეობაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტს და თარიღს გუშინ ე.წ. ელიტა არ გამოეხმაურა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა