ჩვენთვის არ არის სასიამოვნო იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა ომშია, ჩვენ ამ თემაზე ზედმეტი განცხადების გაკეთება არ გვსურს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ვალდებულება ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაა.
"ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა ომშია, ჩვენ ამ თემაზე ზედმეტი განცხადების გაკეთება არ გვსურს. ჩვენი მთავარი ამოცანა, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაა. არაერთხელ მითქვამს და ეს ჩვენი პოლიტიკით და ქმედებებითაც დავადასტურეთ, რომ, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ვალდებულება, ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაცვაა. ბუნებრივია, ამ დიდ საქმეში თქვენი, ელჩების როლი განსაკუთრებულია, რათა დედაქალაქებში ჩვენი სათქმელი სწორად მივიტანოთ, სწორად წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და ეფექტიანად გავუმკლავდეთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც მოედინება. კარგად გვესმის, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. ამიტომ ამ შეტევას, ამ დეზინფორმაციას ეფექტიანი საპასუხო მოქმედებები სჭირდება“,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთელი წლის მთავარი გამოწვევა იყო უკრაინაში მიმდინარე ომი.
"მთელი წლის მთავარი მოვლენა და მსოფლიოს მთავარი გამოწვევა იყო უკრაინის ომი, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც რეალურად, თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი. რა თქმა უნდა, მინდა, დავეთანხმო მინისტრს, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო, პირადად ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მადლობა ჩვენს საელჩოს, ჩვენს ელჩს უკრაინაში, თითოეულ თანამშრომელს. ყველასთვის ძალიან დიდი გამოწვევაა დღეს მიმდინარე მოვლენები. ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რადგან ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს. ბუნებრივია, ამ ომს, მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. აუცილებელია ამ კონფლიქტის, ომის დროულად დასრულება. ესაა ჩვენი სურვილი. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, მათი სუვერენიტეტის მიმართ", - განაცხადა პრემიერმა.
თბილისში ელჩების კონფერენცია გაიხსნა. ყოველწლიურ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2022 წლის საქმიანობას და მიღწევებს, ასევე იმსჯელებენ 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე.