გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხერსონზე მიტანილ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და გიმნაზიის შენობები. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქის წინააღმდეგ „ეს-300“ ტიპის რაკეტები გამოიყენეს.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ბახმუტის შემოგარენში. სტრატეგიული ქალაქის დაკავებას რუსეთის საოკუპაციო ძალები რამდენიმე თვეა ცდილობენ.
„ბახმუტი ფრონტის მთელ ხაზზე, აქტიური საბრძოლო მოქმედებების 1 300 კილომეტრის ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ჯერ კიდევ მაისიდან ოკუპანტები ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მხოლოდ რუსულ არმიას, არამედ რუს დაქირავებულ მებრძოლებსაც, რომლებიც ოკუპანტების დაკარგული არმიების ჩასანაცვლებლად მოდიან. მხოლოდ დაფიქრდით ამაზე – რუსეთმა უკვე დაკარგა უკრაინაში 99 000 ჯარისკაცი. ამ დღეებში იქნება ოკუპანტების 100 000-იანი დანაკარგი. რისთვის? ამაზე პასუხი მოსკოვში არავის აქვს და არც ექნებათ. ისინი აწარმოებენ ომს და ადამიანების სიცოცხლეს ხარჯავენ – სხვა ადამიანების, არა თავიანთი ახლობლების, არა საკუთარ სიცოცხლეს, არამედ სხვების და მხოლოდ იმიტომ, რომ კრემლში რაღაც ხროვას არ შეუძლია შეცდომების აღიარება და საშინლად ეშინია რეალობის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, 19 დეკემბერს თავდაცვის ძალებმა მოიგერია რუსული თავდასხმა 10 დასახლებულ პუნქტში.
"დღის განმავლობაში მტერმა 4 სარაკეტო და 60 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე 80-ზე მეტი შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დარტყმების შედეგად დაზარალდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.