ძლიერი წვიმის შემდეგ ბათუმის ქუჩები ისევ დაიტბორა. რთული მდგომარეობა იყო ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიაზე. შარაშიძის ქუჩაზე კორპუსის ეზო, სადარბაზო და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
აქ მცხოვრებლები პრობლემას გაუმართავ ინფრასტრუქტურას უკავშირებენ და ამბობენ, რომ მერიაში არა ერთი მიმართვის მიუხედავად, სანიაღვრე არხები კვლავაც მოუწესრიგებელია. ეზოებთან ერთად დაიტბორა კერძო სახლების პირველი სართულებიც თავდადებულის ქუჩაზე. უხვი ნალექის შედეგად მაღაზიების საწყობებში სარეალიზაციო პროდუქტი დაზიანდა.
ადგილზე მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. ამასთან ერთად, “ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით იწმინდება სანიაღვრე ჭებიც და ადიდებული მდინარის კალაპოტებიც. მათი თქმით, “ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 10-მდე შეტყობინება შევიდა.
წყლის ადიდების შედეგად, ჩაქვის სათავენაგებობაზე შექმნილი ავარიული მდგომარეობის გამო კი, დილიდან წყალმომარაგება ნაწილობრივ შეზღუდული იყო, აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.