ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატის, დავით ჯანდიერის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამი ნაწილიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მეექვსე მუხლის ანუ სამართლიანი სასამართლოს/განხილვის დარღვევის უფლება.
მისივე თქმით, ევროპული სასამართლო ბრალეულობაზე - ვინმე დამნაშავეა, თუ არა, არ მსჯელობს, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის.
ადვოკატის განცხადებით, სამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი.
„ერთი უკავშირდებოდა მტკიცებულებების მოპოვებას და გამოყენებას, მეორე საკითხი იყო საქმის განხილვასთან დაკავშირებით დახურული რეჟიმი მთელი პროცედურის განმავლობაში და მესამე უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. პირველ ნაწილში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, სხვა დანარჩენ ნაწილებში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ჯანდიერმა.
ჯანდიერის განცხადებითვე, დეკანოზ მამალაძეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უფლება აქვს, შესაბამის სამსახურს მიმართოს, რათა მისი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა მოხდეს.
„მე უნდა შევაჯერო მასთან პოზიცია. მას აქვს უფლება, გადაწყვეტილების მიუხედავად, უკვე მიმართოს შესაბამის სამსახურს, უფრო მსუბუქი სასჯელით მოხდეს შეცვლა. ამავდროულად, სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა საშუალებას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე მოხდეს გადაწყვეტილების განახლება იმ ნაწილში, რაც მის მსჯავრდებას უკავშირდება და რამაც შეიძლება, გამოიწვიოს საბოლოო ჯამში განაჩენის გაუქმება. ასევე, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით გათვალისწინებული შეწყალების უფლება“, – განაცხადა ადვოკატმა.
დავით ჯანდიერის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ პროცესი წააგო.