გაერო-ს გენერალური მდივანი, რუსეთსა და უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული შეთანხმების შედეგად უკრაინიდან 8 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა. ანტონიო გუტიერეშმა ასევე სხვა ქვეყნებს იმ დაბრკოლებების მოხსნისკენ მოუწოდა, რომლებიც რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს ბლოკავს. უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით ივლისში გაფორმდა და მისი ვადა 19 ნოემბერს იწურება. რამდენიმე დღის წინ კი რუსეთის ელჩმა გაერო-ში ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ ვიდრე რუსეთი შეთანხმების აღდგენას განიხილავს, რუსეთს თავისი მარცვლეულისა და სასუქის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტი სურს, რაც აღნიშნული შეთანხმების დაწყების შემდეგ არ მომხდარა.