„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ ე.წ. გაგრის ჯგუფის სამ წევრს 9-9 წლით პატიმრობა შეეფარდა - პროკურატურა

12 ოქტომბერი 2022, 11:50 987 ნახვა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“-ში შეყვანილი, ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ სამი წევრი, სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში, მძევლად ხელში ჩაგდებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვაში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა 1999 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოქალაქეთა მკვლელობის მცდელობა ჩაიდინეს.

"ბრალდებულებმა ყაჩაღური თავდასხმის გზით მოქალაქეებს გასტაცეს პირადი ნივთები და ძვირფასეულობა. გარდა ამისა, ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ წევრებმა, გალის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა პირებს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მძევლად აიყვანეს, რის შემდგომაც ოჯახის წევრებისგან მათ გასათავისუფლებლად მოითხოვეს გამოსასყიდი თანხა.

მათ ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, რის შემდეგ მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა.

სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მათ საბოლოოდ განესაზღვრათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სამივე ბრალდებული შეტანილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“-ში"- აცხადებენ პროკურატურაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი