რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, "მობილიზაციას" გამოქცეული მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, ლარსამდე რუსეთის მხრიდან რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან 2 000-ზე მეტი მანქანა დგას.
ტელეგრამ არხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში ოფიციალურად აიკრძალება რუსეთიდან 18-დან 55-წლამდე მამაკაცების გასვლაც.
გარდა რუსეთის მოქალაქეებისა, პუტინი ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ ომში ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც მოახდინოს მოქალაქეების მობილიზაცია - უკანასკნელის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „მედუზა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.
ამავე პირის ცნობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან შესაძლოა იძულებით რამდენიმე ათასი ადამიანი გაიწვიონ. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.