უკრაინაში ომის 206-ე დღეა. უკრაინა კი წარმატებულ კონტრშეტევებს განაგრძობს. ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი სრულად დეოკუპირებულია. პარალელურად კი გათავისუფლებულ იზიუმში საფლავებს ითვლიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნაპოვნია სულ მცირე 440 გვამი, ხარკოვის გუბერნატორი, ამბობს, რომ ნაპოვნი გვამების 99 პროცენტს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები ეტყობა. საერთო სამარხში ასევე ნაპოვნია 6 წლის გოგონას ცხედარი. რუსეთის ომის დანაშაულებებზე საუბრობს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინელი დამცველები,გააგრძელებენ რუსეთის სისასტიკის მტკიცებულებების აღმოჩენას. უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ გაერო უკვე ამზადებს ჯგუფს, რომელიც ჩავა იზიუმში და შეისწავლის იქ არსებულ სიტუაციას.