უკრაინის არმია დასახლებების გათავისუფლებას აგრძელებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში ორი დასახლებული პუნქტის დეოკუპაციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, ესენია: ვასილენკოვო და არტემოვკა. უკრაინული დროშა დაბრუნდა ხარკოვის ოლქში, ჩკალოვსკოში. ქვეყნის სამხრეთით უკრანული ჯარის წარმატებული კონტრშეტევები გრძელდება. ბოლო სამ დღეში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები, მათ შორის, ლიმანი, კუპიანსკი, იზიუმი და ბალაკლეა. რაც შეეხება რუსეთის რეაქციას უკრაინული მხარის წარმატებაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, კონტრშეტევის დაწყებიდან პირველად განაცხადა ორი რეგიონიდან თავისი ძალების გაყვანის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსული ჯარები დონეცკის მიმართულებით გადაჯგუფდნენ. რუსი სამხედროების უკან დახევა, უკრაინის პრეზიდენტისთვის „კარგი გადაწყვეტილებაა“, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსები აკეთებენ იმას რაც ყველაზე კარგად გამოსდით, გარბიან. პარალელურად უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელი სამხედროები უკვე ქალაქ ლისიჩანსკის მიდამოებში იმყოფებიან, რასაც ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ადასტურებს, სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსები ახლა პანიკაში არიან და ისინი ტერიტორიას მასობრივად ტოვებენ. ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გაქცეული ლიდერი სერგეი პუშინი კი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ლიმანში რთული ვითარებაა, დასახლება უკრაინელების კონტროლის ქვეშაა.