უკრაინულმა მხარემ ხერსონზე განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად ხერსონის სიახლოვეს 4 სოფლის გათავისუფლება შეძლო. - ამის შესახებ ინფორმაციას სიენენი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს თქმით, უკრაინელმა მებრძოლებმა ოპერაცია გვიან ღამით, რუსული პოზიციების დაბომბვით დაიწყეს და დაცვის პირველი ხაზი 3 ადგილას გაარღვიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. ამასთან, ბევრი ოკუპანტი ტყვედ აიყვანეს, ასევე გაანადგურეს მათი სამხედრო მანქანებიც. უკრაინული მხარის წარმატების მიუხედავად, რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას უკრაინის ქალაქებზე, გვიან ღამით ზაპოროჟიეზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, წინასწარი მონაცემებით დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები.
ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, მოწინააღმდეგე საბრძოლო მოქმედებებს ტაქტიკურ დონეზე აგრძელებს, ცდილობს ძალის დემონსტრირებას ავიაციის დახმარებით. გასული დღის განმავლობაში 5-ჯერ შეუტიეს უკრაინის პოზიციებს, მაგრამ უშედეგოდ.