კვლავ მძიმე ვითარებაა უკრაინის რამდენიმე ქალაქში, რუსებმა ხარკოვი კიდევ ერთხელ დაბომბეს, ქალაქის მერის ინფორმაციით, მტერმა იერიში ბელგოროდის მხრიდან მიიტანა. კიევის რაიონში დაბომბვის შედეგად სრულად განადგურდა ორ სართულიანი შენობა, რის შედეგადაც ხანძარიც გაჩნდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
რუსულმა არმიამ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია ნიკოლაევის მიმართულებით, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს დასახლება ბლაგოდატნოესთან. ამასთან, გენშტაბის განცხადებით, რუსეთის არმია დანაკარგის ფონზე, პროფესიული მომზადებისა და მოტივაციის მქონე სამხედროების დანაკლისს განიცდის. გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ დონეცკში, თვითმხილველების ინფორმაციით, რუსული საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა.
უკრაინის დედაქალაქში რუსეთის სარაკეტო დარტყმების საფრთხის გამო 22-დან 25 აგვისტომდე მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა, შესაბამისი განკარგულება კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ გასცა, მათ შორის აიკრძალა მშვიდობიანი შეკრებებისა და მიტინგების გამართვა.