''ბათუმის დინამოს'' შესყიდვა ორ ქართველ ბიზნესმენს სურს

20 დეკემბერი 2017, 00:00 4621 ნახვა

ის, რომ ბათუმის დინამო უნდა გაიყიდოს, ამაზე განცხადებები ბოლო თვის განმავლობაში გააქტიურდა. პრაქტიკულად ყველა მხარე - ქალაქის მერია, კლუბის ადმინისტრაცია და გულშემატკივრები აცხადებენ, რომ კლუბის კერძო ინვესტორზე გადაცემა აუცილებელი და სავალდებულოა. 

ვინ არიან პონტენციური შემსყიდველები კლუბის, რომელიც 1923 წლიდან ფუნქციონირებს? 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმის დინამოს შესყიდვით ორი ქართველი ბიზნესმენია დაინტერესებული. ერთ-ერთი მათგანი ბათუმელი არჩილ ბერიძეა, რომელიც ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციით სამშენებლო კომპანია "ლიმენ ჯის" და მისი შვილობილი კომპანიების მფლობელია. ეს კომპანია ბათუმის სამშენებლო ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის დირექტორს ბათუმი დინამოს შესყიდვის სურვილი აქვს, თუმცა განაცხადი, ოფიციალურად, ჯერ არ შეუტანია მერიაში. 

რაც შეეხება მეორე მსურველს, იგი აიეტ კუკავაა - საფინანსო ორგანიზაცია "ალიანს ჰოლდინგი" აღმასრულებელი დირექტორი. მას განაცხადი ოფიციალურად აქვს გაკეთებული "ბათუმის დინამოს" შესყიდვის თაობაზე. ჩვენი ინფორმაციით, წერილი ბიზნესმენმა აჭარის მთავრობაში შეიტანა. 

კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, კუკავამ 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სტატისტიკის ფაკულტეტი 2002 წელს, MBA პროგრამა – კლარკის უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსი, ამერიკის შეერთებული შტატები. 

1997 წელს მუშაობა დაიწყო ”აბსოლუტ ბანკში”, სესხების პორტფელის მართვის უფროსი საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე. მას შემდეგ, მუშაობს საბანკო და საფინანსო სექტორში საქართველოსა და აშშ–ში.  2004 წელს, მისმა კომპანიამ NCIB, ოთხ კომერციულ ბანკთან ერთად დაარსეს პირველი საკრედიტო ბიურო საქართველოში, სს „კრედიტინფო საქართველო“. საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის საპატიო თავმჯდომარეა. ის წარმოადგენს „კრედიტინფო საქართველოსა“ და საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის (პოლონეთი, ვარშავა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრსაც.

2005 წელს, დააარსა „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და მას შემდეგ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციას ასრულებს.

კომპანიის მფლობელებთან მაუწყებელმა დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ შეძლო. აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მთავრობას საფეხბურთო კლუბის შესყიდვის მოთხოვნით აიეტ კუკავამ მიმართა, მთავრობამ წერილი მერიაში გადააგზავნა

გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბის შესყიდვით დაინტერესებული იყო რამდენიმე უცხოელი ბიზნესმენი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეც, თუმცა მას შემდეგ რაც "ბათუმის დინამომ" დატოვა უმაღლესი ლიგა, საუბარი მხოლოდ ქართველ ბიზნესმენების დაინტერესებაზე გააქტიურდა. 

ამავე კატეგორიაში